მაშინ, როდესაც მთელი საკალათბურთო სამყარო "გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდის" ზედიზედ მესამე სუპერფინალს მოუთმენლად ელის და ყველა ვებ-გვერდი თუ სოციალური ქსელი (რომელიც ცალსახად ყოველთვის "ფეისბუქია") სწორედ ამ ორი გუნდის მოთამაშეების და უკანასკნელი მატჩების "ჰაილაითებითაა" აჭრელებული, ალბათ, საინტერესო იქნება ცოტა თემიდან გადახვევა ისე, რომ მაინც თემის ირგვლივ ვიტრიალოთ.
შესავალი ცოტა ჩახლართულად თუ მოგეჩვენათ და სათაურთან დაკავშირებისას კიდევ უფრო
დაიბენით, შევეცდები, უკეთ აგიხსნათ: პლეი-ოფის არც განვლილ და არც მიმდინარე სტადიაზე, არც კონფერენციის ფინალებზე და არც ზემოთხსენებულ შესაძლო სუპერფინალზე მსურს დაწერა. დღეს რეგულარულზე და ჩემთვის ყველაზე, ყველაზე დიდ ინტრიგაზე მინდა გესაუბროთ.
ისევე, როგორც თითქმის ყველა სეზონის დაწყების წინ, ხშირად გვესმოდა ან თვალში გვხვდებოდა ფრაზები და მოლოდინები მომავალი განუმეორებელი რეგულარულის შესახებ. ყველაზე ხშირად, ხალხი საუბრობდა, თუ როგორი გამორჩეული სეზონი იქნებოდა, რამდენ სამმაგს (და არა ტრიპლს, გთხოვთ) გააკეთებდა რასი და დადებდა თუ არა საშუალო სამმაგს სეზონში, საშუალოდ რამდენი ქულით მოიგებდა "უორიორზი" თამაშებს და შეძლებდა თუ არა შარშანდელი რეკორდის მოხსნას, რომელი გუნდი გაგვაოცებდა, დაეტყობოდა თუ არა ლებრონს ასაკი, მართლა წააგავდა თუ არა დრაფტის პირველი არჩევანი "მეფეს" და ა.შ. ინტრიგა ყოველი სეზონის წინ ძალიან დიდია და საფუძვლიანიც, რადგან საქმე მსოფლიოს საუკეთესო ლიგას ეხება და, თანაც, არამარტო საკალათბურთო სამყაროში...
ერთი შეხედვით, გასული რეგულარულის მთავარი ხიბლი სწორედ ეს კითხვები იყო, მაგრამ ზოგიერთისთვის აქ რაღაც აკლია...
რაღაც ისეთი, რაც თითქოს უკვე წარსულს ჩაბარდა...
ის, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც წამოუგდია უჩვეულო დროს საწოლიდან, თუნდაც იმიტომ, რომ შემდეგ გვეტრაბახა - ჩვენ ეს საკუთარი თვალებით ვიხილეთ...
ის, რის გამოც ბევრმა კალათბურთის ყურება დაიწყო...
ის, რაც ბევრი ადამიანისთვის ბრძოლის, შეუპოვრობის, ერთგულების, თავდადების, სიმამაცისა და სითამამის მაგალითია...
ის, რაზეც თაობა აღიზარდა და ის, რაზეც ეს თაობა შვილებსა და შვილიშვილებს უამბობს...
ის, რის გამოც მე ჩემს პირველ ბლოგს სხვა თემაზე ვერ დავწერ...
ის, რაც ყველაზე დიდი ინტრიგა იყო ჩემთვის და კიდევ ბევრი გულშემატკივრისთვის 2016-2017 სეზონში - როგორ იარსებებდა ერთი გუნდი ამ რაღაცის გარეშე... და როგორც სეზონმა გვაჩვენა, ამ კოლექტივს თავადაც ძალიან, ძალიან დიდი ხანი დასჭირდა იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა ეთამაშა ამის გარეშე...
ძალიან მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა "ლეიკერსი" ი მ ი ს გარეშე...
სახელის ხსენების გარეშეც ყველასთვის ადვილი მისახვედრია ვისზეა საუბარი. პირადად ჩემთვის, კობი არა კალათბურთელი, არამედ უიშვიათესი მოვლენაა, რომელმაც არათუ ერთი, არამედ ორი(!) ეპოქა შექმნა და დაუვიწყარი მემკვიდრეობა დატოვა.
მაგსი ბოგსი (NBA-ს ისტორიაში ყველაზე დაბალი მოთამაშე)
დელ კარი (სტეფის მამა)
გლენ რაისი (NBA-ს ჩემპიონი "ლეიკერსთან" ერთად)
ამ ადამიანებს ერთი რამ აერთიანებთ - 1996-1997 წლების სეზონში სამივე "შარლოტში" ირიცხებოდა, რის გამოც სეზონის წინ გუნდმა არჩევანი მაღალი მოთამაშის დამატებაზე გააკეთა და დრაფტის დღეს, როდესაც გუნდის მესვეურებს თავისი მე-13 პიკის სანაცვლოდ ვლადე დივაცი შესთავაზეს, ბევრი არ უყოყმანიათ და ახლადარჩეული 18 წლის ბიჭი, რომელიც მაინც "გარბიჯ თაიმისთვის" უნდოდათ, მაშინვე კალიფორნიაში გაუშვეს.
ამ გაცვლით ყველა კმაყოფილი იყო, თუმცა მომხდარის მასშტაბი ყველაზე კარგად "ლეიკერსის" გენერალურ მენეჯერს ესმოდა - ჯერი ვესტი კობის სკოლის გუნდშივე აკვირდებოდა და დრაფტამდე ბრაიანტი ისეთ იზოლაციაში ამყოფა, რომ რამდენიმე გუნდმა მასზე დაკვირვება და ვარჯიშზე მიწვევაც კი ვერ შეძლო...
ჯერი ვესტი რომ კალათბურთს საკუთარი ხუთი თითივით იცნობს NBA-ს ლოგოს დანახვისასაც მიხვდებით და იმ დღეს ის დარწმუნებული იყო, რომ უიშვიათესი და უძვირფასესი ხის ნერგი დარგო, რომელსაც დიდი ყურადღება სჭირდებოდა. ის ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ ცოტა ხანში მსოფლიოს მასშტაბით გასაყიდ ოქროსფერ-იასამნისფერ მაისურებში ყველაზე პოპულარული სწორედ რვანომრიანი იქნებოდა...
დაიწყო სეზონი და ამ ხემ ნელ-ნელა ფოთლები შეისხა... კვირიდან კვირამდე ბრაიანტის სურათები ჟურნალ-გაზეთებში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა, შემდეგ სეზონებში კი უკანა გვერდებიდან წინა გვერდებისკენ ძალიან სწრაფად მოიწევდა და შაკი-კობის დუეტი დანკანი-რობინსონის დუეტის პარალელურად, დასავლეთში კიდევ ერთ, არანაკლებ საშიშ ძალად ყალიბდებოდა.
შეიძლება, სწორედ ეს იყო პირველი ნაპერწკალი იმ დავაში, რომელსაც 2004 წლის სუპერფინალებში "დეტროიტთან" განადგურების შემდეგ, ამ საოცარი დუეტის დაშლა მოყვა. შაკის და კობის გზები გაიყო და გიგანტი სხვა სანაპიროზე გადაბაჯბაჯდა - "ლეიკერსის" ყოფილი მწვრთნელის - პატ რაილის "მაიამი ჰიტში". იქ, სადაც ახალგაზრდა დუეინ უეიდი ნელ-ნელა მსოფლიოს სუპერვარსკვლავად ყალიბდებოდა. უეიდი-შაკის დუეტმა 2 წელიწადში თავისი პირველი და უკანასკნელი ტიტული მოიგო, რომელიც შაკისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა და მიუხედავად არაერთ ვარსკვლავურ გუნდში გადასვლისა, ყველა დროის ყველაზე დომიმანტმა მოთამაშემ (ჩემი აზრით), მეტი ბეჭედი ვეღარ მოიპოვა.
ერთგულების პირველი გამოცდა კობიმ სწორად მაშინ ჩააბარა, როდესაც "კლიპერსის" მაცდური წინადადება შაკის წასვლის მეორე დღესვე დაბლოკა და კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
შაკის და ჯექსონის წასვლა "ელეიმ" ძალიან მძიმედ გადაიტანა... ბრაიანტის უმაღლესი დონის მიუხედავად, გუნდის შედეგი უფრო დანარჩენი მოთამაშეების ხარისხის შესაბამისი უფრო იყო: 2004/05 - ბრაიანტის საშუალო 27.3 (ლიგაში მეორე) ქულა თამაშში და არანაირი პლეი-ოფი.
2005 წელს ჯექსონი ანგელოზების ქალაქს დაუბრუნდა და გუნდმა წინსვლა დაიწყო. თუმცა ეს სეზონი კობისთვის უფრო დასამახსოვრებელი იყო, ვიდრე "ლეიკერსისთვის" - გუნდი პლეი-ოფის პირველივე რაუნდში გამოვარდა, მაგრამ კობიმ ამ სეზონში საოცრებების ჩადენა დაიწყო - 5 მატჩში ზედიზედ 40+ ქულა, 27 მატჩი 40+ ქულით და აქედან 6-ჯერ 50+, 62 ქულა 3 მეოთხედში "დალასთან" და...
სეზონის ბოლოს კობიმ ახალი გადაწყვეტილება მიიღო - 8 ნომერი წარსულს ჩააბარა და ახალი ერა ოფიციალურად დაიწყო - შავმა მამბამ 24 ნომრიანი მაისურით მეორე ეპოქის შექმნა დაიწყო... ეპოქა, რომელმაც ზუსტად იმდენ ხანს გასტანა, რამდენიც პირველმა - 10 წელიწადი. ერთი სეზონის შემდეგ კობის "საჩუქრად" მისი მომავალი "ძმა" - პაუ გასოლი გადმოუყვანეს "მემფისიდან" და დაიწყო ის, რამაც ბრაიანტი ნანატრ გზაზე დააბრუნა - "ლეიკერსი" ჩემპიონობის ამბიციებს უკვე ღიად აფიქსირებდა!
პირველივე სეზონში ახალმა დუეტმა ლოს-ანჯელესური გუნდი სუპერფინალში გაიყვანა, თუმცა ეს ძალა საკმარისი არ იყო პრინციპული მეტოქის - "ბოსტონ სელტიქსის" დასამარცხებლად, რომელიც სეზონის წინ ყველაზე მეტად გაძლიერდა და პოლ პირსს გუნდმა რეი ალენი და კევინ გარნეტი მიუყვანა. ნელ-ნელა საუკეთესო ფორმაში შედიოდა რონდო... "კელტებმა" კობისა და მის მეგობრებს აჯობეს.
თუმცა, მამბა ამით არ გატყდა - მის თვალებში მომავალი ბრძოლისა და შურისძიების წყურვილი იკითხებოდა. "ლეიკერსი" აღდგა და ახალ სეზონს ახალი მოტივაციითა და ენერგიით შეუდგა - გუნდური თამაში, უკონკურენტო შემადგენლობა და ზედიზედ ორჯერ სეზონის ლოგიკური დასასრული - 2009 და 2010 წლებში კობიმ 3 ბეჭედი 5-ად აქცია...
2010-ის ზაფხულში ახალი კონტრაქტი, ახალი შემადგენლობა და ტიტულის შენარჩუნების უდიდესი სურვილი... მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა და გუნდი უბეჭდოდ დარჩა. შემდეგ იყო ჰოვარდი, ნეში და საშინელ ფორმაში მყოფი სხვა წარსულში კარგი კალათბურთელები, მაგრამ შედეგის არქონის გამო კობი კრიტიკის ქარ-ცეცხლში არაერთხელ გაატარეს და მეტწილად სუბიექტურად, ყველაფერი მისი მხრიდან პოზიციების არ დათმობას დაბრალდა. შემდეგ იყო უამრავი ტრავმა და უამრავი "ქამბექი", მაგრამ კობი ფიზიკურად სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა და სეზონის წინ ფორმაში ჩადგომა სულ უფრო და უფრო ურთულდებოდა...
...და დადგა 2015 წლის 30 ნოემბერი - ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოღრუბლული და უჟმური დილა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და უსიამოვნო, თუმცა ალბათ ლოგიკური სიახლით - თვალების გახელისთანავე მობილურში დაყენებული ყველა სპორტული აპლიკაცია კობის კარიერის დასრულებას მატყობინებდა... სიტყვებით და ემოციით შეუძლებელია იმ გრძნობის გადმოცემა, რაც იმ წამს დამეუფლა - საშინელი სიცივე მთელ სხეულში და სრული გაურკვევლობა... სრულდებოდა ის, რაც მთელი 10-15 წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. უცებ დაკარგა აზრი დილით, უთენია გაღვიძებებმა ან ღამით კოფეინით გაჭყეპამ... სულის ერთი ნაწილი უბრალოდ დარჩა იმ საძინებელში, იმ ტელეფონში, იმ აპლიკაციებთან ერთად. ჩემთვის კობი იყო კალათბურთი და კალათბურთი - კობი. ახლაც, თითქმის 2 წლის შემდეგაც, ზუსტად იგივე ემოცია მიპყრობს, რაც მაშინ... ძალიან ძნელია და მტკივნეული...
ბევრი შეურაცხმყოფელი სტატუსი, სტატია და სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება დაგვიანებული იყო... ბევრი რეალურად ცუდი მატჩი უკანასკნელ სეზონში, რაც მაშინებდა, რომ კობი წავიდოდა, როგორც ბებერი, ფულს დახამებული, ოდესღაც კარგი კალათბურთელი...
13 ნოემბერი...
საშინელი დღე...
დღე, როდესაც თითქოს უნდა მოკვდე, რომ თავიდან დაიბადო და თამაშის მოლოდინი, რომლის დადგომაც არ გინდა... ყოველთვის ძალიან ნელა გადიოდა დრო, როდესაც "ლეიკერსის" თამაშს ველოდებოდი, ამ დღეს კი ყველაფერი სხვაგვარადაა - საათები წუთებივით გარბის და ფაქტის წინაშე დგები, რომ 2-3 საათიც და ყველაფერი დასრულდება... თუმცა ამაზე უარესი ის ფიქრია, რომ ამ თამაშში კობი კვლავ ვერაფერს იზამს და ეს ფიქრი არ გასვენებს...
შიგნიდან გჭამს...
მაგრამ ქვეცნობიერში მაინც გწამს, რომ შენ ხარ მართალი და ირგვლივ ყველა ცდება...
მეტოქეც არც თუ სანატრელი - ძალიან კარგი დაცვის მქონე "იუტა", რომელიც კობის არ დაინდობს...
მაგრამ მაინც გწამს...
თამაშის საშინელი სტარტი, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრი და ბოლომდე ერთგული რჩები იმ ყველაფრის, რის გამოც ამდენი წელი არც საკუთარი თავი და არც მძინარე მეზობლები დაგინდია...
თამაში იცვლება და იცვლება მამბა... მეოთხედი მეოთხედს მისდევს და შაკი სულ უფრო უახლოვდება სანაძლეოს წაგებას... Silk Sport 2-ზე მატჩი გურასპაულს და ივანიშვილს მიჰყავთ და ემოციას ვერცერთი მალავს... ივანიშვილზე არც ვსაუბრობ - ჩემზე უარეს დღეშია და ბედნიერების და სინანულის ცრემლები ერთდროულად იგრძნობა მის ხმაში... ბოლო მეოთხედში თამაშმა თითქოს აზრი დაკარგა და კობიც დამარცხებული ასრულებს კარიერას, მაგრამ მას 20 წელი ამისთვის არ უწვალია, არ გადაულახავს ამდენი დაბრკოლება, არ მიუღია და მოუშუშებია ამდენი ტრავმა, არ უთამაშია 48 წუთიანი მატჩები ზედიზედ 33 წლის ასაკში შეუცვლელად...
#MambaMentality ისაა, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, არასოდეს, არასოდეს დანებდე...
ზედიზედ ჩაგდებული საოცარი ბურთები და "ლეიკერსი" უკვე იგებს... კობის მე-60(!) ქულა და 99:96 - იუტას შეტევა და მამბას მოხსნა, წინ კლარკსონი გარბის და უზუსტესი გადაცემა მის ერთ-ერთ მემკვიდრეს... თამაში 3-4 წამში დამთავრდება და ბრაინ სკოტი კობის ცვლის... ცვლის, რომ დარბაზში მჯდომ თუ ფეხზე მდგომ ყველა ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, ლეგენდა ისე გააცილოს, როგორც სურს... დარბაზში ყველა ფეხზეა და ასეა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში... ფეხზე მდგომი ამაყად ვუკრავ ტაშს და მეამაყება, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი, ვარ და ვიქნები...
წავიდა ისე, როგორც სხვა ვერავინ...
საოცარი კარიერის საოცარი დასასრული...
გაცილება და არაერთი ლეგენდა...
ყველაზე მთავარი კი წინაა - შაკის და კობის ჩახუტება და უდიდესი სითბო... დარწმუნებული ვარ, სანაძლეოს წაგება ასე არასდროს არავის გახარებია...
Comments
Post a Comment