Skip to main content

უკრაინამდე

ბოლო წლებია, საქართველოში საკალათბურთო განათლება საკმაოდ მაღალ დონეზეა და ამის მიზეზი მარტო ის არაა, რომ Silk TV NBA-ს Live-ებსა თუ ReLive-ებს გვთავაზობს. ამაში მთავარი "დამნაშავე" ჩვენი ნაკრებია, რომელიც ყველა მეტოქესთან ბოლომდე იხარჯება და თითოეულ მოთამაშეს ეტყობა, რომ იცის, საბოლოო განაცხადში შეყვანით რამხელა პასუხისმგებლობა დააკისრეს. დღეს სწორედ ამ ბიჭებზე მინდა დაწერა და აქვე აღვნიშნავ, რომ მათთვის მადლობის გარდა არაფერი მეთქმის. 

გუშინდელი მატჩის შემდეგ, რა თქმა უნდა, მეც, ისევე როგორც თითოეული ქართველი გულშემატკივარი, გულდაწყვეტილი ვიყავი, რადგან ზუსტად ვიცი, რომ გერმანიასთან მოგება შეიძლებოდა. ამით, ფაქტიურად, ჯგუფიდან გასვლას ვინაღდებდით. წინა Eurobasket-ებზე რომ დამეწერა, აუცილებლად ვიტყოდი, რომ ეს ჩვენი პროგრამა მინიმუმია, რისი შესრულებაც ბიჭებს ზედმეტი დაძაბულობისგან გაანთავისუფლებდა, მაგრამ წელს ჩვენ სხვა მიზნები გვაქვს და ამას ყველა კარგად ხვდება. 

ლიტვასთან გამარჯვება არ იყო გამართლება და ეს საბონისმაც აღნიშნა. ის მატჩი დამსახურებულად მოვიგეთ, რადგან მეტოქეს ვ ა ჯ ო ბ ე თ. ფავორიტები არ დაგვიმარცხებია იმის გამო, რომ შემდეგ მატჩებში დაგვესვენა. ამის მიზესი ისაა, რომ ჩვენ ჯგუფიდან გასვლაზე არც კი ვფიქრობთ, რადგან ბევრად დიდი მიზნები გვაქვს დასახული და პლეი-ოფი უკვე ერთი ჩვეულებრივი ეტაპია. ერთ-ერთ ინტერვიუში ზუროსს ჰკითხეს, თუ როდის გაიღიმებდა, რაზეც მან მოკლედ უპასუხა - "როცა მისიას შევასრულებთ". არ ვიცი, რა არის მისია, მაგრამ ფაქტია, რომ ის 1/8 ფინალში თამაშზე მეტია. და ეს ამბიცია ლოგიკურია. ბერძენმა მწვრთნელმა შეძლო ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა - მის გუნდს აბსოლუტურად ყველას დამარცხება შეუძლია და თუ ვინმეს გგონიათ, რომ ესპანეთი, საფრანგეთი და სხვები ჩვენთვის მიუღწეველ დონეზე არიან, ცდებით. ესპანელების თამაშშიც ნამდვილად არის რამდენიმე სუსტი რგოლი და თუ ამას მე ვამჩნევ, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ამას კიდევ უფრო უკეთესად ხედავს.

თუ ლიტვას ვჯობნით და ჩვენთვის არავინაა დაუმარცხებელი, მაშინ რა მოხდა გერმანიასთან?

ამის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მატჩის შედეგი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა და ზუროსმა ესეც ჩემზე კარგად იცის. გერმანიასთან დავმარცხდით, რადგან შეტევაში თამაში არ წაგვივიდა (მაგრამ არა იმდენად, რომ კარგი დაცვით ვერ აგვენაზღაურებინა). დავმარცხდით, რადგან მსაჯები აბსოლუტურად ალოგიკურები იყვნენ (მაგრამ უარესი ხდებოდა ლიტვასთან). დავმარცხდით, რადგან ცინცაძე, დიქსონი, მარკოიშვილი და სანაძე შროდერს ვერ დაუდგნენ (ვერც "გოლდენმა" გააჩერა ლებრონი, მაგრამ სერიაში უშანსოდ დატოვა). დავმარცხდით, რადგან პერიმეტრს ვერ ვიცავდით (აქამდეც გვქონია ეს პრობლემა, მაგრამ ვიგებდით)... როგორც აღვნიშნე, მარცხს ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი ერთია - ჩვენ ეს გამარჯვება მატჩის დაწყებამდე აღვნიშნეთ, რითიც ეს შეხვედრა დაწყებამდე დავთმეთ. თითოეულ მოძრაობაში გვეტყობოდა, რომ გერმანიას ზემოდან ვუყურებდით, ეს კი ბევრად სუსტ გუნდებთანაც მიუღებელია. "უორიორზი" არ აკნინებს "ბრუკლინს" და ჩვენ რატომ ჩავთვალეთ, რომ გერმანელები ვერაფერს დაგვაკლებდნენ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ევროპის ჩემპიონატია და აქ გუნდები სახელის გამო არ ხვდებიან. აქ მოხვედრა უკვე ნიშნავს, რომ რაღაცას წარმოადგენ და მეტოქეებს პატივი უნდა ვცეთ. დარწმუნებული ვარ, ლიტვასთან რომ წაგვეგო, გუშინ გერმანიას ძალიან დიდი სხვაობით ვაჯობებდით. 

არ და ვერ გავაკრიტიკებ ჩვენს ნაკრებს ამ "ეიფორიის" გამო და ეს სტატია არაა იმისთვის, რომ ის ბიჭები დავაკნინო, რომლებმაც თითოეულ ჩვენგანს წლების მანძილზე უამრავი ბედნიერი დღე გვაჩუქეს. წარმოიდგინეთ, რომ ვალანჩუნასი, კუზმინსკასი, კალნიეტისი, მაჩულისი და სხვა ვარსკვლავები მატჩის შემდეგ მოდიან და გილოცავენ. გილოცავენ დამსახურებულ გამარჯვებას, რომელიც მათ წინააღმდეგ მოიპოვეთ მაშინ, როდესაც ყველამ აშკარა აუტსაიდერად შეგრაცხათ. თქვენ არ იქნებით ეიფორიაში? რა თქმა უნდა, იქნებით! და ეს ნორმალურია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვართ განებივრებული ლიტვის, სერბეთისა და სხვა მსგავსი დონის გუნდების დამარცხებით და ძნელია, ამ ყველაფერს გაუმკლავდე. ტყუილად არაა ნათქვამი, რომ პირველი ადგილის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მისი მოპოვება. ფავორიტობას არ ვართ მიჩვეული და ეს რთული პროცესია. როგორც წესი, ყველა ჩვენ გვეკიდებოდა ზერელედ და ამით ვსარგებლობდით ხოლმე. ახლა კი სულ სხვა სიტუაციაა - ჩვენს წინააღმდეგ ყველა მთელი მონდომებით თამაშობს და ბოლომდე იხარჯება, რადგან ნახეს, თუ რა შეგვიძლია. ასე რომ, გუშინდელ მარცხში დადებითი მხარეები უნდა ვეძებოთ.

ყოველთვის მაღიზიანებდა ფრაზა, რომ წაგება და მოგება ძმები არიან, მაგრამ თუ არ დამარცხდი, ვერასდროს დატკბები გამარჯვებით. ყველამ დავინახეთ, თუ როგორ სერიოზულად ეკიდებოდნენ თითოეულ ეპიზოდს გერმანელები. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ სერბეთთან, ლიტვასთან, ესპანეთთან და საფრანგეთთან. ეს წაგება იმას კი არ ნიშნავს, რომ გერმანია ჩვენზე ძლიერია, არამედ საპირისპიროს - ჩვენ ევროპული გრანდების დონეზე ვდგებით და ეს პროცესი ძალიან სწრაფად და სწორად მიმდინარეობს.

უამრავი გულშემატკივრის კრიტიკა მოვისმინე ჩვენი ნაკრების შეცდომების მიმართ, შემდეგ კი ზუროსის კომენტარი წავიკითხე და ძალიან გამიხარდა. რატომ? იმიტომ, რომ არავის ეწერა რაიმე ისეთი, რაც ზუროსს გამოეპარა. მან აბსოლუტურად ყველა შეცდომა და სუსტი წერტილი დაინახა და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე საათში უკრაინას სხვა საქართველოსთან მოუწევს თამაში და ეჭვი მაქვს, ძალიან არ უხარიათ, რომ სწორედ ამ დროს "გადაგვეყარნენ".

მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ:
  • ზაზა ტრავმით თამაშობს
  • ცინცაძე ტრავმით თამაშობს
  • არ გვყავს ვიკა
  • არ გვყავს ბურჯანაძე
  • მიდის თაობათა ცვლის პროცესი, რომელიც ყველა ქვეყნისთვის ყველა სპორტში ყოველთვის რთულია
  • ყველა კალათბურთელს იმაზე დიდი როლის აღება მოუწია, ვიდრე ელოდა

და ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რა დაბრკოლებებთანაც ჩვენს გუნდს უწევს გამკლავება. ძალიან რთულია ყველა მატჩი მოიგო, როცა მოულოდნელად ასეთ პრობლემებს აწყდები და მაინც, ბიჭები იმაზე მაგრად დგანან, ვიდრე წარმოგვედგინა.

შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ რაღაც მხრივ, ძალიან კარგიცაა, რომ გუშინ დავმარცხდით, რადგან თუ რაიმე ისე არაა, როგორც გვინდა, ეს ჯგუფურ ეტაპზევე უნდა გაირკვეს და აღმოიფხვრას. ფაქტია, რომ რამდენიმე ასპექტი გამოსასწორებელია და ეს ნაკრებში იციან, ამაზე მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოასწორებენ, რადგან მე მათ ვენდობი. ვენდობი ზუროსს და თითოეულ მოთამაშეს. და ვენდობი იმ კოლექტივს, რომელიც კულისებს მიღმაა, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის წარმატებაში. გირჩევთ, თქვენც ენდოთ, არ გაგიცრუებენ იმედებს...

31-ში ლიტვასთან მატჩს მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ბარში ვუყურე. მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მივედით და დარბაზში არავინ იყო. გავიფიქრე, არ მოსულა ასე მიგდება და დაკიდება ჩვენი ბიჭების-მეთქი, მაგრამ 15 წუთში იქაურობა გაივსო და ყველამ ერთად განვიცადეთ თითოეული მიღებული ქულა, მსაჯების ყველა შეცდომა, ყველა აცილებული ბურთი...

ყველა ერთად ვიდექით ფეხზე, როდესაც გადამწყვეტი სროლის დრო დადგა... 

ყველას ერთად შეგვეშინდა, როდესაც ბურთი მაინც და მაინც მაჩულისმა მიიღო...

ყველამ ერთად დავინახეთ, როგორ დავიცავით საკუთარი ტერიტორია და ბოლოს, ყველა ერთად აღვნიშნავდით ამ უდიდეს გამარჯვებას...

ერთმანეთის ბედნიერი თვალები თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო გვაბედნიერებდა...

არავინ არავის იცნობდა, მაგრამ თავს ისე ვგრნობდით, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გვქონოდა გატარებული და ამისთვის მადლობა თითოელ თქვენგანს! 

მადლობა, რომ იბრძვით და არასდროს ნებდებით!

მადლობა, რომ ამ დონეზე ხართ!

და მადლობა, რომ გვაერთიანებთ - ამ უცხო ხალხს ერთმანეთთან ძალიან დიდი საერთო მიზანი გვაკავშირებს და არ დავიშლებით, სანამ საქართველოში ევროპის ჩემპიონატის თასსაც არ ჩამოიტანთ!

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ახლო მომავალში ამ ტურნირის მოგებას დავიჯერებდი, მაგრამ მჯერა და მწამს, რომ "მისია" სწორედ ესაა. მოგება შეგვიძლია და ამას ყველა ერთად გავაკეთებთ.

იცოდეთ, რომ უამრავი ადამიანი გგულშემატკივრობთ და მათ ძალიან აბედნიერებთ.

მადლობა!

P.S დღეს კი უკრაინის ჯერია და ვიცი, რომ მოვიგებთ!


Comments

Popular posts from this blog

სირცხვილია!

სათაურმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ - ეს წერილი აპოლიტიკურია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მინდა გამოვიდეს.  "რა აპოლიტიკური, რუსეთის არმიის გუნდში გადადის ჩვენი ნაკრების კაპიტანი" გეთანხმებით, მაგრამ დღეს ჩემი ერთადერთი მიზანი ისაა, რომ იმ ადამიანების ნაწილს მაინც დავანახო მედლის ორივე, მეორე ან ერთი მხარე მაინც, რომლებიც გასაგები თუ გაუგებარი, პოლიტიკური თუ აპოლიტიკური, ლოგიკური თუ ალოგიკური მიზეზებით მუდმივად გაიძახიან, რომ სპორტი პოლიტიკა არაა. კარგი, დავუშვათ, რომ ეს ორი სიმრავლე ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელია და ისინი საერთო ელემენტებს არ შეიცავენ. განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე. უფრო სწორად, მხოლოდ ქართული და რუსული სპორტის ურთიერთდამოკიდებულებაზე, წარსულსა და მომავალზე ვისაუბროთ, რადგან თუ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში რაიმეს ხედავთ, რის გამოც თოკო "ცსკა"-ში უნდა გადასულიყო, დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ, ამ სტატიაში სათქვენო ნამდვილად არაფერია. ახლა მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, რამდენად სწორია თოკოსთვის კარიერულად ეს ნაბიჯი? ზოგადად, რა კრიტერიუმებს ითვალისწინებს კონკრეტულ

ის მაინც ბრუნავს!

ყველაფერი პარიზში ჩაწოდებული კუთხურით დაიწყო - სწრაფი გათამაშება, მეკარის საჯარიმოსთან ბურთის, ერთი შეხედვით, სახიფათოდ „ჩაგდება“, მოჩვენებითი საფრთხე, მშვიდი დაცვა, ცივი გონება, მილიმეტრებში გამოზომილი გადაცემა, ბურთის წინ გაგდება, გაკიდება, მეკარის მოტყუება და „ბავშვის“ მიერ მახვილი კუთხიდან კარგად შესრულებული დარტყმა - 3:0 და ჩემპიონთა ლიგის მერვე თასი. მოგონებები ყველას უხვად გვაქვს, როგორც კარგი, ისე - ცუდი. ზოგი გვაღიმებს, ზოგი გადატანილ შიშს ხელმეორედ განგვაცდევინებს-ხოლმე, მაგრამ არის ჩვენს ტვინში რაღაც ადგილი, პატარა სექცია, სადაც განსაკუთრებული მომენტები ინახება. “Inside Out” თუ გინახავთ, შეიძლება, ამ სიტყვების უკეთესად წარმოდგენაში დაგეხმაროთ, თუ არა - არც ეგაა პრობლემა, ისეთ მომენტებს ვგულისხმობ, რომელიც, ერთი ცნობილი რეკლამის არ იყოს, გვაფრთიანებს და თითქოს არსაიდან უდიდეს ენერგიასა და მოტივაციას გვაძლევს. მოგონებები, რომლებიც არცთუ ბევრია, მაგრამ რამდენიმე ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი „მარგალიტი“ სწორედ 2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელსა

LA Clippers- ახალი სახეებით, იმავე მიზნებისკენ

ბოლო წლებში "ლოს ანჯელეს კლიპერსი" NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ნაცვლად, ერთ-ერთ უდიდეს იმედგაცრუებად ჩამოყალიბდა. ძალიან კარგი ძირითადი შემადგენლობა, გრძელი სკამი და მეპატრონე, რომელიც გუნდისთვის არაფერს იშურებს. ბალმერს საერთოდ არ ადარდებს, რამდენია სახელფასო ჭერი - იმატებს ყველას, ვინც საჭიროა და უხდის იმდენს, რამდენიც მოთამაშეს სურს. კარგად მახსოვს, როგორ იმუქრებოდნენ რონი ტურიაფი და გაძლიერებული "კლიპერსის" პირველი თაობის სხვა "გენიალური" მოთამაშეები, რომ ლოს-ანჯელესი "ლეიკერსის" აღარ იყო. ვერ შეედავები, ნამდვილად ასე მოხდა. ანგელოზების ქალაქში გუნდებმა ადგილები გაცვალეს, მაგრამ რის ხარჯზე? სულ ორი ვარიანტია - "კლიპერსი" გაძლიერდა ან "ლეიკერსი" დასუსტდა. ცვლილებებზე ორივე ფაქტორმა იმოქმედა, მაგრამ უფრო მეორემ, რადგან იმ დონესთან, საიდანაც ერთი დაეშვა, მეორე ჯერ ახლოსაც არ მისულა. შეიძლება, კრის პოლსა და გრიფინს პროცესში უკეთესი თანაგუნდელებიც კი ჰყავდათ, ვიდრე კობის და პაუს, მაგრამ არსებობს რაღაც სიმაღლე, რომე