თავი I
LA Lakers
გამარჯობა, ბოდიში ცოტა ხანგრძლივი განშორებისთვის და შევეცდები, ამხელა შუალედი თემებს შორის აღარასდროს მქონდეს. მიზეზები მიზეზებად დავტოვოთ, წარსულს ჩავაბაროთ და წინ გავიხედოთ. ბლოგზე ახალი თემა იწყება და იმედი მაქვს, რომ საკმაო ხანს გასტანს. ამ და რამოდენიმე შემდეგ სტატიაში NBA-ს გუნდებსა და შემდეგ სეზონში მათ სავარაუდო შედეგებზე და მიზნებზე ვისაუბრებ (სუბიექტურად თუ ობიექტურად).
თემას ჩემთვის N1 გუნდით - "ლეიკერსით" გავხსნი და მომავალში სხვა საინტერესო (ჩემი აზრით) გუნდებსაც გავივლი, მაგრამ თუ ვინმეს რომელიმე კონკრეტულ გუნდზე გენდომებათ ბლოგის წაკითხვა, დაწერეთ თქვენი სურვილი და აუცილებლად დავუთმობ დროს ნებისმიერ ორგანიზაციას.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" - "ფრენჩაიზი", რომელსაც აბსოლუტურად არანაირი შესავალი არ სჭირდება... ეს გუნდი NBA-ს ისტორიაა და, ალბათ, ყველას გული გვწყდება, როდესაც მას ასეთ სიტუაციაში, ბოლოსწინა ადგილისთვის მებრძოლს ვხედავთ. ჩემს სუბიექტურ აზრებსა თუ იმედებს მაქსიმალურად შევებრძოლები და შევეცდები, ამ ბლოგში რეალობა გადმოვიტანო.
"ლეიკერსი" არის გუნდი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ლიგას აზანზარებდა და ყოველთვის სუპერვარსკვლავებით იყო გადატენილი. ამ გუნდის თამაშებზე უამრავი გულშემატკივარი აღიზარდა და მრავლად არიან ჩემნაირები, რომლებიც ჯერ "ლეიკერსის" თამაშებით იღებდა სიამოვნებას და მხოლოდ ამის შემდეგ, ნელ-ნელა დაიწყო NBA-ს ყურება.
წარსული წარსულია, დღესდღეობით კი ეს გუნდი არაფერს წარმოადგენს და მისი თამაშის ყურება გულშემატკივარს ზოგჯერ ისეთ ხასიათზე დაგაყენებს, რომ შეიძლება შემდეგი თამაშის საყურებლად განწყობის შესაქმნელად საკუთარ თავთან ბრძოლაც კი მოგიწიოს. რამდენი სტატუსი და კომენტარი წაგვიკითხავს ბოლო წლებში იმის შესახებ, თუ რამდენად განსხვავებული და უკეთესი გუნდი იქნებოდა მომავალ სეზონში "ლეიკერსი", თუმცა ფაქტი ერთია - დრო გადის, გუნდი კი იგივეა...
გუნდმა უკუსვლა 2010 წლის სეზონის შემდეგ დაიწყო, როდესაც იმ ფორმაციის "ლეიკერსი" თავისი თამაშის პიკში იყო. ზედიზედ ორჯერ გაჩემპიონებამ მიჩ კაპჩაკს და მის პარტნიორებს, თითქოს, გონება დაუბინდა და ილუზია შეუქმნა, რომ ეს გუნდი ფონს იგივე შემადგენლობითაც გავიდოდა. ვერავის დაძრახავ - შემადგენლობა ერთი შეხედვით უფრო გაძლიერდა, ვიდრე შესუსტდა - ფარმარის და ვუიჩიჩის ნაცვლად გუნდში სტივ ბლეიკი და მეტ ბარნსი მოვიდნენ. თუმცა, გასათვალისწინებელი უფრო სხვა ფაქტორები იყო - როდესაც მწვერვალზე ხარ, ორი არჩევანი გაქვს: ან პოზიცია უნდა გაიმყარო ან დაბლა დაეშვა. კაპჩაკმა მთავარი შეცდომა სწორედ აქ დაუშვა, როდესაც ადგილზე დარჩენა გადაწყვიტა და ვერ გაითვალისწინა, რომ სხვა გუნდებმა განვითარებისკენ აიღეს გეზი, მწვერვალზე კი მხოლოდ ერთი ადგილია.
"მაიამი", "სან ანტონიო", "ოკლაჰომა", "ბოსტონი" - ეს იმ გუნდების არასრული ჩამონათვალია, რომელიც იმ პერიოდში იზრდებოდა ან ისედაც სერიოზულ ძალას წარმოადგენდა... "ლეიკერსი" წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა და ბევრი წარუმატებლობის (კრის პოლის გაცვლაზე სტერნის ვეტო, ჰოვარდზე, როგორც მომავალ შაკზე იმედების დამყარება, კობის ტრავმები და სხვ.) შედეგად მივიღეთ ის გუნდი, რომელზეც დასაწყისში დავწერე.
წარსული უკან მოვიტოვოთ და ახლა მომავალზე ვილაპარაკოთ. იმ სიტუაციის მიუხედავად, რაზეც უკვე დავწერე, "ლეიკერსის" მომავალი ძალიან საინტერესოა და მას ნათელ ფერებში ვხედავ.
ეს ბლოგი რამდენიმე თვის წინ რომ დამეწერა, უმეტესობა, ალბათ, ჩვეულებრივ უაზრო ოპტიმისტად ჩამთვლიდა, მაგრამ ვინც ზაფხულის ლიგას და სატრანსფერო ბაზარს თვალს ადევნებთ, დამეთანხმებით, რომ ანგელოზების ქალაქში შემდეგ სეზონში ორი ძალიან საინტერესო და ძლიერი გუნდი ითამაშებს.
ახლა კი, ჩემი პროგნოზის არგუმენტებს მოვიყვან - Flashback წინა სეზონში.
კარგი (ლეიკერსისთვის) სტარტი, საშინელი გაგრძელება და კარგი (კვლავ ლეიკერსისთვის) ფინიში. გუნდმა სეზონი ემოციით, დიდი მუხტითა და რწმენით დაიწყო და სანამ სხვები გონს მოეგნენ, უოლტონის გუნდი საპლეიოფო ზონასთან ტრიალებდა. თუმცა, რეალობა სხვა იყო - "ლეიკერსი" პლეიოფის გუნდებზე ბევრად სუსტი გახლდათ და ეს საბოლო შედეგზეც აისახა - 26-56 და მე-14 ადგილი 15 გუნდიან დივიზიონში.
PG - დეანჯელო, ენისი
SG - იანგი, კლარკსონი, ნვაბა
SF - ინგრამი, დენგი, ბრიუერი, მეტა
PF - რენდლი, ნენსი, რობინსონი
C - მოზგოვი, ბლექი, ზუბაცი
შემადგენლობამ განსაზღვრა შედეგი და უოლტონზე ცუდს ვერავინ ვერაფერს იტყვის. პირიქით, გუნდმა რამდენიმე შეხვედრა ძალიან, ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და ბოლო მატჩებში, როცა დაძაბულობისა და სხვადასხვა კომპლექსებისგან გათავისუფლდნენ, ბიჭებმა საგრძნობლად მოუმატეს. გუნდი აშკარად გადასახალისებელი იყო და ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდა.
სეზონის დასრულებისთანავე სასიხარულო რამ მოხდა - გუნდი მეჯიქს ჩააბარეს - ადამიანს, რომელსაც "ელეის" ნებისმიერი გულშემატკივარი, ალბათ, თვალდახუჭულიც კი ენდობა. შეიცვალა გენერალური მენეჯერი და კაპჩაკის ნაცვლად საქმეს კობის ყოფილი აგენტი, რობ პელინკა შეუდგა. მეჯიქი-პელინკას დუეტი პირადად ჩემში თავიდანვე დიდ სიმპატიებს იწვევდა და ნელ-ნელა, იმედების გამართლებაც დაიწყო.
რა შეიცვალა გუნდში?
- წავიდა რამოდენიმე კალათბურთელი: მოზგოვი (16 მლნ.), იანგი (5.5 მლნ.), დეანჯელო (5.5 მლნ.), ბლექი (6.2 მლნ.), მეტა (1.5 მლნ.), ნვაბა (<100.000)., რითიც გუნდმა 35 მილიონი გაითავისუფლა მომდევნო სეზონისთვის;
- გუნდს უკვე ყავს რამდენიმე ახალწვეული: ლოპესი, კოლდველ-პოუპი და რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც გუნდმა დრაფტზე აიყვანა - ტომას ბრაიანტი, ჯოშ ჰარტი, კაილ კუზმა და ლ ო ნ ზ ო ...
რას შეიძლება ველოდოთ ამ შემადგენლობისგან?
PG - ლონზო, ენისი, კარუზო
SG - კოლდველ-პოუპი, კლარკსონი, ჰარტი,
SF - ინგრამი, ბრიუერი, დენგი
PF - რენდლი, ნენსი, კუზმა
C - ლოპესი, ზუბაცი, ბრაიანტი
მოდით, რამდენიმე კალათბურთელზე ვისაუბროთ:
ლონზო ბოლი (19 წ.)
Summer League MVP
ჯერჯერობით, წლევანდელი დრაფტის უდავოდ საუკეთესო კალათბურთელი. ზაფხულის ლიგაზე ამ პატარა ბიჭმა ნამდვილი შოუ დადგა და მამამისის ამაზრზენი ქცევების მიუხედავად, ყველას შეაყვარა თავი. აქტიურად ვადევნებდი თვალს ამ ტურნირს და როგორც კი ლონზოს ბურთი მისდიოდა, ტრიბუნა ხმაურობდა და შოუს ითხოვდა. "ლეიკერსის" თამაშებზე ხალხი მის სანახავად მიდიოდა და თუ პირველ შეხვედრას არ ჩავთვლით, ლონზო მათ მოლოდინს ყოველ ჯერზე აჭარბებდა. საბოლოოდ, ლონზომ ზაფხულის ლიგა საოცარი სტატისტიკით დახურა - 16.3 ქულა, 7.7 მოხსნა, 9.3 გადაცემა (ყველა დროის რეკორდი), 2.5 ჩაჭრა და 1 დაფარება. მთლიანობაში, ეს ბიჭი ძალიან ჰგავს რასელ უესტბრუკს და მასზე ამხელა იმედებს სამართლიანადაც ამყარებენ. Pass-first გამთამაშებელი მოედნის იდეალური ხედვით, კარგი ფიზიკური მონაცემებით და ძალიან კარგი სროლით - ამაზე ყველა გუნდი ოცნებობს. თანაც, საქმეში მეჯიქია ჩართული, რომელსაც მისთვის ყველაფრის სწავლება შეუძლია. მისი თამაშის დინამიური სტილი ლოს-ანჯელესურ გუნდს შეტევასთან ერთად, დაცვაშიც ძალიან გამოადგება. მართალია, ფინალურ დაპირისპირებაში იგი "ლეიკერსს" მცირე ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გუნდს სხვა მოთამაშემ ულიდერა... ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
ჯერჯერობით, წლევანდელი დრაფტის უდავოდ საუკეთესო კალათბურთელი. ზაფხულის ლიგაზე ამ პატარა ბიჭმა ნამდვილი შოუ დადგა და მამამისის ამაზრზენი ქცევების მიუხედავად, ყველას შეაყვარა თავი. აქტიურად ვადევნებდი თვალს ამ ტურნირს და როგორც კი ლონზოს ბურთი მისდიოდა, ტრიბუნა ხმაურობდა და შოუს ითხოვდა. "ლეიკერსის" თამაშებზე ხალხი მის სანახავად მიდიოდა და თუ პირველ შეხვედრას არ ჩავთვლით, ლონზო მათ მოლოდინს ყოველ ჯერზე აჭარბებდა. საბოლოოდ, ლონზომ ზაფხულის ლიგა საოცარი სტატისტიკით დახურა - 16.3 ქულა, 7.7 მოხსნა, 9.3 გადაცემა (ყველა დროის რეკორდი), 2.5 ჩაჭრა და 1 დაფარება. მთლიანობაში, ეს ბიჭი ძალიან ჰგავს რასელ უესტბრუკს და მასზე ამხელა იმედებს სამართლიანადაც ამყარებენ. Pass-first გამთამაშებელი მოედნის იდეალური ხედვით, კარგი ფიზიკური მონაცემებით და ძალიან კარგი სროლით - ამაზე ყველა გუნდი ოცნებობს. თანაც, საქმეში მეჯიქია ჩართული, რომელსაც მისთვის ყველაფრის სწავლება შეუძლია. მისი თამაშის დინამიური სტილი ლოს-ანჯელესურ გუნდს შეტევასთან ერთად, დაცვაშიც ძალიან გამოადგება. მართალია, ფინალურ დაპირისპირებაში იგი "ლეიკერსს" მცირე ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გუნდს სხვა მოთამაშემ ულიდერა... ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
ტაილერ ენისი (22 წ.)
ახალგაზრდა, რომელიც გუნდმა გასული სეზონის მეორე ნახევარში ლუ უილიამსის გაცვლით მიიღო და ყველასგან მოულოდნელად, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამ ბიჭმა გულშემატკივარს თავი შეუპოვრობითა და ლიდერული თვისებებით შეაყვარა. ვერ ვიტყვით, რომ სათადარიგო გამთამაშებლად ის იდეალური ვარიანტია, მაგრამ არც ბევრი დაეწუნება.
ჯორდან კლარკსონი (25 წ.)
ეს ბიჭი 2014 წლის დრაფტის ნამდვილი აღმოჩენაა. 46-ე პიკი, რომელიც "ლეიკერსმა" ვაშინგტონისგან მიიღო და სეზონის პირველი ნახევრის სკამზე გატარების შემდეგ, იმდენად მოუმატა, რომ საუკეთესო ახალწვეულების პირველ ხუთეულში მოხვდა. სწრაფი, ფეთქებადი კალათბურთი, ეპიზოდური (ცოტა ზარმაცი) დაცვა, საკუთარი პოზიციისთვის საკმაოდ კარგი ფიზიკა და ლამაზი, ეფექტური შესვლები... ცოტა სტაბილურობაც რომ დაემატოს, ერთ-ერთ გამორჩეულ უკანახაზელობაზეც კი შეიძლება პრეტენზიის გამოთქმა.
ჯულიუს რენდლი (22 წ.)
რენდლი ტიპური მძიმე ფორვარდია, ძალიან დიდი პოტენციალით და ბევრისგან განსხვავებით, შრომისმოყვარეობით გამორჩეული. შეუძლებელია იმის ვერ დანახვა, თუ როგორ იზრდება ის წლიდან წლამდე. თუმცა, ჯულიუსის თამაშში ბევრი ისეთი ასპექტია, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, თანაც, ს ა ს წ რ ა ფ ო დ! უაზრო შესვლები, რომელიც ხშირად დაკარგვით სრულდება, ცუდი პროცენტი საშუალოდან და სამქულიანის ხაზიდან, ზანტი დაცვა - ეს ის ძირითადი მინუსებია, რაც რენდლს დომინაციაში ეხმარება, თორემ ნიჭით, პასის კულტურით, ბრძოლისუნარიანობითა და ფიზიკით მას თავისუფლად შეუძლია "ლეიკერსის" დრეიმონდი გახდეს.
თუ ვინმეს გაინტერესებთ, თუ რამდენად შრომისმოყვარეა ჯულიუსი, პასუხს ეს ფოტო გაგცემთ - ის ორი თვის წინაა გადაღებული და მასზე ჯულიუსის სხეულის 3 კვირიანი ცვლილებაა ასახული.
თუ ვინმეს გაინტერესებთ, თუ რამდენად შრომისმოყვარეა ჯულიუსი, პასუხს ეს ფოტო გაგცემთ - ის ორი თვის წინაა გადაღებული და მასზე ჯულიუსის სხეულის 3 კვირიანი ცვლილებაა ასახული.
ლარი ნენს ჯუნიორი (24 წ.)
ლარი თამაშის სტილით ძალიან ჰგავს რენდლს და იგი დაახლოებით იმავე მოცულობის სამუშაოს ასრულებს, რასაც ჯულიუსი. პირადად მე, ძალიან მწყდება გული, რომ ორივე მათგანი ტიპური მძიმე ფორვარდია და დღევანდელ კალათბურთში პარკეტზე ორი მეოთხე ნომრის ერთდროულად ყოლა ცოტა მიუღებელი და მოუხერხებელია, რაც "ლეიკერსისთვის" ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ეს ორი კალათბურთელი ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან და შესაძლებლობების ბოლომდე გამოჩენის შანსი არც ერთს არ ეძლევა. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს მათ არც მოდუნების საშუალებას აძლევს და ორივეს ისღა დარჩენია, განვითარებაზე იზრუნოს. ვფიქრობ, რომ თუ ნენსი თავის თამაშს მეტ სტაბილურობას შემატებს, რენდლის ძირითადი ხუთეულის წევრობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ყველაფერთან ერთად, ლონზო მის შედეგიანობას ძალიან გააუმჯობესებს და ნენსისგან არაერთ შემზარავ "სლემსაც" ველი.
კენტავიუს კოლდველ-პოუპი (24წ.)
ძალიან კარგი დაცვაში და ნორმალური შეტევაში. თითქმის გარანტირებული ადგილი სასტარტო ხუთეულში და ლონზოსთან ერთად უკანა ხაზში ძალიან ძლიერი დუეტის პერსპექტივა. KCP სავარაუდოდ 12-15 ქულაზე გავა საშუალოდ, რაც საკმაოდ კარგი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ ის მეტწილად კარგი დაცვის გამო გადმოიყვანეს ლოს-ანჯელესში. თუ მასზე გაცემულ ავანსებს გაამართლებს, შესაძლოა, "ლეიკერსში" შემდეგ სეზონებშიც დატოვონ. სხვათა შორის, ბევრის აზრით, კენტავიუსი გუნდში მეტწილად მისი აგენტის, რიჩ პოლის გამო მოიყვანეს, რომელიც ლებრონის აგენტიცაა და შესაძლოა, მეჯიქს რაიმე "მზაკვრული" გეგმა მართლაც გააჩნდეს.
გუნდის მაღლებში უდავოდ გამორჩეული შემტევი ძალიან დიდი გამოცდილებით. "ლეიკერსისთვის" ერთადერთი მინუსი ლოპესის კონტრაქტში ძალიან მაღალი ანაზღაურებაა ($ 22.6 მილიონი), სხვა მხრივ კი მეჯიქმა მართლაც იდეალური გაცვლა გააკეთა - დეანჯელო და მოზგოვი ლოპესისა და კუზმას სანაცვლოდ. ბრუკის სროლის გამოყენება გუნდს იდეალურად შეუძლია. დაცვაში ოდნავ მოიკოჭლებს, მაგრამ შეტევაში ძალიან ეფექტურია.
კაილ კუზმა (22 წ.)
Summer League Championship Game MVP
ჯორდან კლარკსონის მსგავსად, კუზმა სწორედ იმ ნაკლებად გაპიარებულ მოთამაშეების რიცხვს მიეკუთვნება, ესა თუ ის გუნდი დრაფტამდე რომ კარგად აკვირდება, შემდეგ პირველი რაუნდის ბოლოს ან მეორე რაუნდში ირჩევს და საბოლოოდ, ყველასთვის მოულოდნელად საკმაოდ კარგი მოთამაშე აღმოჩნდება ხოლმე. საზაფხულო ლიგაზე ლონზო მის გარეშე ვერაფერს გახდებოდა. კუზმა ძალიან ათლეტურია, არც ფიზიკაში მოიკოჭლებს, ბოლომდე იბრძვის და ძალიან რბილი მაჯაც აქვს. 27-ე პიკი, რომელიც შეიძლება სეზონის ბოლოს Steal of the Draft აღმოჩნდეს და ახალწვეულების ხუთეულსაც წაეთამაშოს. პოზიციით, ის უფრო მძიმე ფორვარდია, თუმცა მეტად სავარაუდოა, რომ რენდლსა და ნენსს უფრო დენგი დაასვენებს ხოლმე, ხოლო კაილი ინგრამის შემცვლელი იქნება მესამე ნომრის პოზიციაზე. ზაფხულის ლიგაზე მას შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა - 21.9 ქულა, 6.4 მოხსნა, 2.7 გადაცემა, 1.4 დაფარება და 1.1 ჩაჭრა.
ბრენდან ინგრამი (20 წ.)
შარშანდელი დრაფტის მე-2 პიკი, რომელმაც პირველ სეზონში ლიგაში თავისი ადგილი ვერ იპოვა, თუმცა "კოჭებშივე" ეტყობა, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს. ეს სწორედ ის მოთამაშეა, რომელმაც ლონზოსთან ერთად "ლეიკერსს" ძველი დიდება უნდა დაუბრუნოს. თამაშის სტილით ძალიან ჰგავს დურანტს და იმედია, კარიერითაც დაემსგავსება (და გუნდს თუ არასდროს გამოიცვლის, ძალიან გამახარებს). ძალიან გრძელი ხელები, მე-3 ნომრისთვის მაღალი, მე-4-სთვის კი სწრაფი - ეს სწორედ ის პლიუსებია, რომელიც მან და გუნდმა უნდა გამოიყენონ. რასაც ვუყურე, მას მხოლოდ 2 მინუსი აქვს - ფიზიკურად სუსტია და ნაკლებად თავდაჯერებული. ორივეზე მიდის მუშაობა და ორივე აუცილებლად აღმოიფხვრება. ამის შემდეგ კი, დარწმუნებული ვარ, რომ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდება.
ჩემი აზრით, სწორედ ამ მოთამაშეებზე იქნება აგებული "ლეიკერსის" უმეტესი კომბინაციები, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში და ამიტომაც, სხვა "ფილერებზე" აღარ დავწერ.
დაველოდოთ და ვნახოთ, რას იზამს NBA-ს ყველაზე პოპულარული გუნდი მომავალ სეზონში, მე კი მათგან მინიმუმ პლეი-ოფში დაბრუნებას ველი. რაც შეეხება სასტარტო ხუთეულს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის ასეთი იქნება:
PG Lonzo Ball
SG Kentavius Caldwell-Pope
SF Brandon Ingram
PF Julius Randle
C Brook Lopez
Comments
Post a Comment