Skip to main content

Boston Celtics



25-57 (მე-12 ადგილი)
40-42 (მე-7 ადგილი)
48-34 (მე-5 ადგილი)
53-29 (1-ლი ადგილი)

ეს ის შედეგებია, რომლებიც აღმოსავლეთის ერთ-ერთმა გუნდმა უკანასკნელი 4 რეგულარულის განმავლობაში დადო. იმ 4 სეზონის, რომელიც მან თავისი ლეგენდის გარეშე ჩაატარა. 2013 წელს პოლ პირსი "ბრუკლინში", "ბოსტონი" კი ფსკერისაკენ წავიდა, მაგრამ ორივე მხოლოდ 1 წლით. 2014-15 წლების სეზონში გუნდმა აღმასვლა დაიწყო და NBA-ს ორი საუკეთესო გუნდიდან ერთი დაბრუნდა. 

მუდმივი პროგრესი...

ძალიან კარგი სატრანსფერო პოლიტიკა...

ნაკლებად გაპიარებული, მაგრამ ძალიან მაღალი დონის ახალგაზრდა მწვრთნელი ახალგაზრდა კალათბურთელებით...

მებრძოლი სული...

ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რამაც მე-12 პოზიციიდან 1-ზე ასვლა განაპირობა და ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ 3 სეზონი დასჭირდა. თუ ვინმეს გაინტერესებთ, რამდენად რთულია ამის მიღწევა, წარმოიდგინეთ, რომ მომავალ წელს დასავლეთ კონფერენციას "დენვერი" მოიგებს, ან აღმოსავლეთს - "პისტონსი". შეუძლებელია. 

როდესაც ჩემი ბლოგი იქმნებოდა, რთულად წარმომედგინა, თუ ასე მოკლე დროში "სელტიქსზე" დავწერდი. არავინ მიწყინოთ, "ლეიკერსის" გულშემატკივარი ვარ. თუმცა, ჩემთვის ნამდვილი გულშემატკივრობა სწორედ ისაა, როდესაც პრინციპულ მეტოქეს უდიდეს პატივს სცემ და თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, მეჯიქისა და ლარის ურთიერთობა გაიხსენეთ - "დაუძინებელი მტრების" ლიდერები მოედნის გარეთ საუკეთესო მეგობრები იყვნენ.

"ლეიკერსი" - "ბოსტონი" ცალკე თემაა და ოდესმე ამაზე ცალკე დავწერ, ახლა კი მხოლოდ TD GARDEN-ის ბინადრებზე...

ყველაფრის მიუხედავად, "ბოსტონი" ის გუნდია, რომელსაც ყოველთვის ვგულშემატკივრობდი, ის NBA-ს და ზოგადად კალათბურთის სახეა. რა თქმა უნდა, მასზე აუცილებლად დავწერდი, მაგრამ დღეს მე სხვა რაიმე მამოძრავებს - როდესაც "ლეიკერსსა" და მის მომავალზე დავწერე, ერთ-ერთმა ადამიანმა მთხოვა, რომ მის საყვარელ გუნდზეც შემექმნა მსგავსი თემა. მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ სტატიას წაიკითხავს და ისიამოვნებს.

მწვანე მაისურის მორგება ნებისმიერისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. როდესაც NBA-ს ყველა დროის საუკეთესო გუნდში გადადიხარ, უნდა იაზრებდე, რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კალათბურთელობა. ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა და ლეგენდარულ პარკეტზე საკუთარ თავს უნდა აჯობო. იმედი მაქვს, ჭორები გამართლდება და მომავალ სეზონში ამ მაისურით თოკოსაც ვიხილავთ და თუ ლიგაში ქართული ფინალიც შედგება, გურულების არ იყოს, "თლა უკეთესი".

წინა სეზონში კელტებს აშკარად არ გაუმართლათ, როდესაც აიზეას ჯერ პლეი-ოფის დაწყებამდე და გარდაეცვალა, შემდეგ კი აღმოსავლეთის ფინალურ სერიაში უმძიმესი ტრავმა მიიღო. გუნდმა მებრძოლი სული სწორედ ამ დროს გამოავლინა, როდესაც ყველაფრის მიუხედავად ჯერ "ჩიკაგოსთან" საკუთარ დარბაზში 2 მატჩის წაგების შემდეგ სერია მოატრიალა, შემდეგ ვერც ჯონ ვოლის საოცარმა სამქულიანმა გატეხა და "ვიზარდსს" მე-7 მატჩი მაინც მოუგო, ბოლოს კი უდავო ლიდერის გარეშე "კლივლენდს" ერთი მარცხი მაინც აგემა.

ზაფხულში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის გუნდის ლიდერიც. ამასთან, დენი ეინჯმა კიდევ ერთი გონივრული გაცვლა გააკეთა - დრაფტის პირველი არჩევანი "ფილადელფიას" წლევანდელი მესამე და 2018 ან 2019 წლის პირველი რაუნდის პიკებში გაუცვალა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, "ბოსტონი" ფულცის ან ლონზოს არჩევას მაინც არ აპირებდა. შედეგი - ჯეისონ ტატუმი + დამატებითი ბონუსები. შუალედში კი გუნდმა გორდონ ჰეივორდის სახით ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო Two-way player დაიმატა.

გაუშვეს ტომასი და ბევრის აზრით (მათ შორის ჩემი), აიზეას ეს არ დაუმსახურებია. ის თითოეულ თამაშში ბოლომდე იხარჯებოდა და კარიერის "სელტიქსში" დასრულების სურვილიც არაერთხელ გამოთქვა. ზედ მიაყოლეს კრაუდერი, ზიზიჩი და 2018 და 2020 წლის პიკები. ზიზიჩის რა მოგახსენოთ, აი დრედებიანი მსუბუქი ფორვარდი კი კელტებისთვის ნამდვილად დიდი დანაკლისია. შეიძლება, შეტევაში არც ისე შთამბეჭდავია (არა შთამბეჭდავი, მაგრამ საკმაოდ კარგი), მაგრამ დაცვაში და შავი სამუშაოს შესრულებაში მხოლოდ ბრედლი თუ შეედრებოდა. სიტყვამ მოიტანა, და არც ეივერი ბრედლი აღმოჩნდა ხელშეუხებელი - პირველივე შესაძლებლობისას გუნდმა ის "დეტროიტში" მარკუს მორისის სანაცვლოდ გაუშვა.

წავიდნენ - ტომასი, ბრედლი, კრაუდერი, ჯერალდ გრინი, იერებკო, ამირ ჯონსონი, კელი ოლინიკი, ტაილერ ზელერი

მოვიდნენ - ირვინგი, ტატუმი, ჰეივორდი, მარკუს მორისი, ლარკინი (აღარ დავწვრილმანდები)

ირვინგი - ჰეივორდი - ტატუმი - მორისი - ჰორფორდი

სავარაუდოდ, სწორედ ასეთი იქნება "ბოსტონის" იდეალური სასტარტო ხუთეული. თუ ვერ შენიშნეთ, ხუთიდან ოთხი ახალწვეულია და შეთამაშებას დრო დასჭირდება. ეჭვი მეპარება, ეს პროცესი ისეთი ხანმოკლე აღმოჩნდეს, რომ მათ რეგულარულის მოგება შეძლონ. თუმცა კიდევ უფრო საეჭვოა ის, რომ ეს მათ საერთოდ მოინდომონ, რადგან მთავარი მაინც პლეი-ოფია და მოედნის უპირატესობის მოპოვება ამ შემადგენლობას ნებისმიერ გუნდთან შეუძლია. "სელტიქსი" იმ მცირერიცხოვან გუნდებს მიეკუთვნება, რომლისთვისაც სულ ერთია, 82 მატჩის შემდეგ რომელ ადგილს დაიკავებენ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სამეულში შევლენ. 

ძირითადი შემადგენლობა მართლაც მადისაღმძვრელად გამოიყურება, მაგრამ სკამის გარეშე რომ ვერც ერთი გუნდი ვერაფერს გახდება, ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა. როგორია გუნდის სკამი?

სმარტი, როზიე, ბრაუნი - ეს ახალგაზრდა ტრიო ძალიან იმედისმომცემია და საკმარისადაც დაიტვირთება. რაც შეეხება დანარჩენებს, ლარკინის და ბეინსის გამოყენება ეპიზოდებში ძალიან კარგად შეიძლება, დანარჩენებისგან (ნადერი, ოჯელეიე, პიკი, უაითი, იაბუსელე) კი ბევრს არაფერს ველი.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ბევრი მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავს, ერთი მინუსი მაინც აშკარაა - ნებისმიერ მეტოქეს, რომელსაც კარგი "მაღლები" ჰყავს, "სელტიქსთან" უპირატესობა ექნება, რადგან მორისისა და ჰორფორდის გარდა, წინახაზელებიდან ვერავის გამოვარჩევ. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ეინჯი კიდევ რომელიმე ფორვარდის ან ცენტრის დამატებას, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, კაირი-ჰეივორდის ვარსკვლავურ დუეტს ვარსკვლავების მოწყვეტა გაუჭირდება.

მოდით, თავისუფალ აგენტებს გადავხედოთ და დავფიქრდეთ, ვინ შეიძლება ეს ნახვრეტი შეავსოს.

ბრენდონ ბასი (32 წლის)


ვეტერანს "ბოსტონში" აქამდეც უთამაშია და საკმაოდ კარგადაც. მან ძალიან კარგად იცის კელტების შიდა სამზარეულო და კარგი ვარიანტია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ წლების მატების პარელელურად მისი პროდქტიულობა სულ უფრო მცირდება.

ბორის დიაო (35) 


ბოლო წლებში მომრგვალებული ფრანგი ტიპური მძიმე ფორვარდია, თუმცა დღესდღეობით მისი, როგორც კარგი მაღალი მოთამაშის განხილვა ცოტა უადგილოა, რადგან ათლეტურობაში ძალიან მოიკოჭლებს და გუნდს ფარზე ბევრით ვერაფრით დაეხმარება.

ფესტუს ეზელი (27)


ნიგერიელი გასულ ზაფხულს "გოლდენ სტეიტიდან" "პორტლენდში" გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა, რაც გუნდებს მისი დამატებისგან აფრთხობს, თორემ სათადარიგო ცენტრად ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

როი ჰიბერტი (30) 


ეს ადამიანი მთელი NBA-ს იმედგაცრუებაა. "პეისერსში" ძალიან კარგი სეზონებისა და დომინაციის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, ძალიან დიდი რეგრესი განიცადა და ეჭვი მეპარება, ოდესმე ფორმის დაბრუნება და ნდობის მოპოვება შეძლოს.

ჯორდან ჰილი (29)


კარგი შეტევაში და გამჭვირვალე დაცვაში. ჰილი ყველაზე კარგი "ლეიკერსში" იყო, თუმცა იმ ფორმაციის გუნდში თავის გამოჩენა ბევრს გაუმარტივდებოდა. კარგი კალათბურთელია, მაგრამ "ბოსტონს" უფრო დაცვითი ცენტრი აკლია.

კრის ჰამფრისი (32)


ყველაზე მეტად სწორედ მისი ხილვა გამიკვირდება მწვანე მაისურით, რადგან ბევრი წელია, მის თამაშს თვალს ვადევნებ და დღემდე ვერ გამიგია, პარკეტზე რა მიზნით დარბის. იმდენად ცუდი კალათბურთელია, რომ როდესაც "დავგუგლე", მის სურათებში საკმაოდ ბევრი ვიქექე, სანამ თამაშის დროს გადაღებულ ფოტო ვიპოვე.

ტერენს ჯონსი (25)


ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი, რომლისთვის ბრძოლაც ნამდვილად ღირს. საკმაოდ ჭკვიანი, ათლეტური, აგრესიული და ემოციური კალათბურთელი, რომლის ამ დრომდე თავისუფალი აგენტის სტატუსი ძალიან მაკვირვებს. ეინჯის ადგილას, ჯონსთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დავიწყებდი.

დევიდ ლი (34)


ძალიან ეჭვი მეპარება, ლიმ გუნდში დაბრუნება მოინდომოს, რადგან ბოსტონში გატარებული პერიოდი მისი კარიერის ყველაზე ცუდი მონაკვეთია.

დონატას მოტეიუნასი (26)


ნორმალური ფორვარდი მაღალი ინტელექტით და ნულოვანი სტაბილურობით. არამგონია, რამეში გამოიყენონ.

ჯარედ სალინჯერი (25)


აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ გაუშვა "ბოსტონმა" ის თავის დროზე. ახალგაზრდა მძიმე ფორვარდის კარიერა სწორედ ამის მერე აირია და თუ ორივე მხარე წყენას დაივიწყებს, ჯარედი გუნდს ძალიან გამოადგება.

დერიკ უილიამსი (26)


არანაირი დაცვა. მეტად აღარ განვავრცობ.

როგორც ხედავთ, არჩევანი არც ისე დიდია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ არ იბრძოლა "ბოსტონმა" ენდრიუ ბოგუტისთვის, რომელიც რამდენიმე დღის წინ "ლეიკერსმა" ვეტერანის მინიმალურ ხელფასზე დაითანხმა.

სამწამიანის გარდა, დაცვისას გუნდს პრობლემები პერიმეტრზეც ექნება. რეალურად, "სელტიქსის" დაცვა წინა სეზონში ბრედლისა და კრაუდერზე იყო აგებული, დღეს კი მათ ნაცვლად ტატუმსა და ჰეივორდს ვხედავთ და ორივეს მიმართ დიდი პატივისცემისა, დაცვა აშკარად შესუსტებულია.

და მაინც, რას უნდა ველოდოთ "სელტიქსისგან" მომავალ სეზონში? გადაჭრით თქმა რთულია, მაგრამ პროგნოზის გაკეთება რომ გაგვიმარტივდეს, აღმოსავლეთის სხვა გუნდებს გადავხედოთ და დავფიქრდეთ, ვისთან მოუწევს ყველაზე ტიტულოვან გუნდს პირველობისთვის ბრძოლა.

ორლანდო, ინდიანა, ატლანტა, ნიუ-იორკი, ბრუკლინი, ჩიკაგო - უშანსოდ

შარლოტი, მაიამი, ტორონტო, დეტროიტი - არასტაბილური გუნდები, რომელთა მაქსიმუმი, სავარაუდოდ, პლეი-ოფის პირველი რაუნდია

ფილადელფია, მილუოკი - ორი ყველაზე დამაინტრიგებელი და პერსპექტიული გუნდი, მაგრამ, არამგონია, მომავალ სეზონში ფინალებისკენ გაიწიონ.

დარჩა მხოლოდ "ვიზარდსი" და რაღა თქმა უნდა, მეფის "კლივლენდი".

"ვაშინგტონთან" წლევანდელი სერია ყველას კარგად ახსოვს. ბევრი ითქვა და დაიწერა იმის შესახებ, რომ დედაქალაქურ გუნდს ლებრონთან და კაირისთან მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე "ბოსტონს", მაგრამ ეს არავინ იცის. არც ის ვიცით, როგორ დასრულდებოდა სერია, მოედნის უპირატესობა რომ "ვიზარდსს" ჰქონოდა, თუმცა ეს განვლილი სეზონია, ჩვენ კი მომავალი გვაინტერესებს.

ზაფხულში "ვაშინგტონმა" სწორი გეზი აიღო და სკამის გაძლიერებას უთმობს დროს. ჯერ საბოლოო განაცხადი არ დაუკომპლექტებიათ, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ვოლი-ბილი-პორტერი-მორისი-გორტატის ხუთეულს სკამიდან სატორანსკი, ჯოდი მიქსი, მაიკ სკოტი, იან მაინმი და კიდევ რამდენიმე "ფილერი" დაეხმარება, რაც ცუდი შევსება ნამდვილად არაა. რთულია გადაჭრით თქმა, თუ რომელია უფრო ძლიერი, მაგრამ "ვიზარდსს" ორი უპირატესობა ნამდვილად აქვს:

1. ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დარჩა და რაიმე შეთამაშებაზე საუბარი ზედმეტია
2.    სამწამიანი

ჯონ ვოლი და მისი ბიჭები ძალიან მომწონს, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ბოსტონში ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, კაირის საუკეთესოს გამოვლენა ძველ მეგობრებთან მოუწევს, რომლებსაც სათავეში მეფე და აიზეა უდგას, რომელიც ირვინგისთვის წინამორბედიცაა და მემკვდირეც.

რომელი გაიმარჯვებს? აი ამაზე პასუხი კი ნამდვილად არ ვიცი. ვფიქრობ, შანსები 60-40-ზეა "კლივლენდის" სასარგებლოდ, მაგრამ თავს ნამდვილად ვერ დავდებ. რაც შეეხება სუპერფინალს, მაინც ვფიქრობ, რომ წელს აღმოსავლეთის გუნდებს ჩემპიონობის ნაკლები შანსი აქვთ, რადგან "გოლდენ სტეიტს", "ჰიუსტონსა" და "სან ანტონიოს" წელს "ოკლაჰომაც" დაემატა.

დაველოდოთ და ვნახოთ. ვუგულშემატიკვროთ და ვინერვიულოთ. განვიცადოთ და გავიხაროთ. NBA-ს დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი სეზონი დაუვიწყარი იქნება.




Comments

  1. How To Make Money On Sports Betting
    Online sports 출장샵 betting is available for a whole poormansguidetocasinogambling host of US and European sports betting markets. Some casinosites.one US states, like หาเงินออนไลน์ Louisiana and New Jersey, allow https://vannienailor4166blog.blogspot.com/

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ის მაინც ბრუნავს!

ყველაფერი პარიზში ჩაწოდებული კუთხურით დაიწყო - სწრაფი გათამაშება, მეკარის საჯარიმოსთან ბურთის, ერთი შეხედვით, სახიფათოდ „ჩაგდება“, მოჩვენებითი საფრთხე, მშვიდი დაცვა, ცივი გონება, მილიმეტრებში გამოზომილი გადაცემა, ბურთის წინ გაგდება, გაკიდება, მეკარის მოტყუება და „ბავშვის“ მიერ მახვილი კუთხიდან კარგად შესრულებული დარტყმა - 3:0 და ჩემპიონთა ლიგის მერვე თასი. მოგონებები ყველას უხვად გვაქვს, როგორც კარგი, ისე - ცუდი. ზოგი გვაღიმებს, ზოგი გადატანილ შიშს ხელმეორედ განგვაცდევინებს-ხოლმე, მაგრამ არის ჩვენს ტვინში რაღაც ადგილი, პატარა სექცია, სადაც განსაკუთრებული მომენტები ინახება. “Inside Out” თუ გინახავთ, შეიძლება, ამ სიტყვების უკეთესად წარმოდგენაში დაგეხმაროთ, თუ არა - არც ეგაა პრობლემა, ისეთ მომენტებს ვგულისხმობ, რომელიც, ერთი ცნობილი რეკლამის არ იყოს, გვაფრთიანებს და თითქოს არსაიდან უდიდეს ენერგიასა და მოტივაციას გვაძლევს. მოგონებები, რომლებიც არცთუ ბევრია, მაგრამ რამდენიმე ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი „მარგალიტი“ სწორედ 2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელსა

Golden State Warriors

შემადგენლობა, თამაშის სტილი, სისწრაფე, დაცვა, შეტევა, ტრანსფორმაციის საოცარი უნარი, მწვრთნელი... როდესაც იმაზე ფიქრობ, თუ რა აქვს ამა თუ იმ გუნდს გამორჩეული და ამდენ პუნქტს ჩამოწერ, მაგრამ სია მაინც არასრულია, ზედმეტი კითხვის დასმა აღარაა საჭირო - ეს გუნდი გასაოცარია და შესაბამის შედეგებსაც დებს. რას უნდა ველოდოთ "გოლდენ სტეიტისგან" მომავალ სეზონში? მოიცადეთ, დავფიქრდები... ნეტავ, რას? ასე ამ კითხვაზე არავინ გიპასუხებთ, რადგან პასუხი ძალიან მარტივია - ჩემპიონობას! არ ვამბობ, რომ "უორიორზი" აუცილებლად შეინარჩუნებს ტიტულს, მაგრამ მოლოდინი მაინც ესაა და ძნელია ამაში ეჭვი შეიტანო ან საწინააღმდეგო ამტკიცო და შენი პოზიციის დასადასტურებლად ბევრი არგუმენტი მოიყვანო. ეს არის გუნდი, რომლის მსგავსიც ლიგას შეიძლება საერთოდ არ უნახავს. უილტს, მეჯიქს, ჯაბარს, ბერდს, ჯორდანს, კობის, ლებრონს, სხვა ლეგენდარულ მოთამაშეებსა და მათ კლუბებს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ "გოლდენს" რომელიმე მოუგებდა ან პირიქით. შეუძლებელია ს

LA Clippers- ახალი სახეებით, იმავე მიზნებისკენ

ბოლო წლებში "ლოს ანჯელეს კლიპერსი" NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ნაცვლად, ერთ-ერთ უდიდეს იმედგაცრუებად ჩამოყალიბდა. ძალიან კარგი ძირითადი შემადგენლობა, გრძელი სკამი და მეპატრონე, რომელიც გუნდისთვის არაფერს იშურებს. ბალმერს საერთოდ არ ადარდებს, რამდენია სახელფასო ჭერი - იმატებს ყველას, ვინც საჭიროა და უხდის იმდენს, რამდენიც მოთამაშეს სურს. კარგად მახსოვს, როგორ იმუქრებოდნენ რონი ტურიაფი და გაძლიერებული "კლიპერსის" პირველი თაობის სხვა "გენიალური" მოთამაშეები, რომ ლოს-ანჯელესი "ლეიკერსის" აღარ იყო. ვერ შეედავები, ნამდვილად ასე მოხდა. ანგელოზების ქალაქში გუნდებმა ადგილები გაცვალეს, მაგრამ რის ხარჯზე? სულ ორი ვარიანტია - "კლიპერსი" გაძლიერდა ან "ლეიკერსი" დასუსტდა. ცვლილებებზე ორივე ფაქტორმა იმოქმედა, მაგრამ უფრო მეორემ, რადგან იმ დონესთან, საიდანაც ერთი დაეშვა, მეორე ჯერ ახლოსაც არ მისულა. შეიძლება, კრის პოლსა და გრიფინს პროცესში უკეთესი თანაგუნდელებიც კი ჰყავდათ, ვიდრე კობის და პაუს, მაგრამ არსებობს რაღაც სიმაღლე, რომე